08/10/2024
13:39
მსოფლიო
საფრანგეთის არმია რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის აქტიურად ემზადება და 2025 წლის მაისში ნატო-ს მასშტაბურ სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუმინეთში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
სამხედრო მანევრები ფოკუსირებული იქნება ფრანგული დანაყოფების მზადყოფნის შეფასებაზე, მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, სწრაფად განლაგდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, 2025 წელს დაგეგმილი სწავლების ფარგლებში, საფრანგეთის არმიის ამოცანაა – 10 დღეში შეძლოს ომისათვის მზადყოფნაში მყოფი ქვედანაყოფის რუმინეთში გადასროლა.
ევროპაში საფრანგეთის არმიის სახმელეთო ძალების სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ ბერტრან ტუჟუზის თქმით, სწავლება ასახავს სამხედრო ოპერაციების მომზადებაში მიდგომის ცვლილებას.
„ადრე ომს ვთამაშობდით. ახლა გვყავს მკაფიოდ განსაზღვრული მტერი და ვვარჯიშობთ მათთან ერთად, ვისთანაც რეალურად წავიდოდით ომში“, – განაცხადა ტუჟუზმა.
სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, საფრანგეთი სამხედრო სწავლებებს მხოლოდ ფორმალობად აღარ განიხილავს.
„პოლიტიკოს“ სტატიის მიხედვით, ნატო-ს წევრი ქვეყნები, საფრანგეთის ჩათვლით, ცვლიან სამხედრო დაგეგმვისა და მომზადების კონცეფციას, რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ალიანსის პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციას ასახავს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამჟამად ხდება საფრანგეთის არმიის აქტიური გარდაქმნა და ადაპტირება მაღალინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებთან, რისი მაგალითიც არის უკრაინაში მიმდინარე ომი.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ეს ცვლილებები ეხება არა მხოლოდ შეიარაღებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციას, არამედ ომის წარმოების ტაქტიკისა და სტრატეგიის მიდგომის ცვლილებასაც.
გამოცემის ცნობით, რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადება აღარ არის თეორიული სცენარი, არამედ რეალურ სტრატეგიულ ამოცანად იქცა.
0
0