22/10/2024
13:54
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საერთაშორისო ვორკშოპი გამართეს, რომელზეც ინდუსტრიისა და აკადემიის თანამშრომლობასა და ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზებზე ისაუბრეს.
ღონისძიება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. თსუ პროფესორებმა, საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აგრეთვე, დარგის სპეციალისტებმა მოხსენებები წაიკითხეს ინდუსტრიის ჩართულობაზე სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ასევე ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე.
თსუ პროფესორმა მაგდა ცინცაძემ უნივერსიტეტის, სტუდენტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიების მიზანია ინდუსტრიასა და აკადემიას შორის ურთიერთობის მოდელის იდენტიფიკაცია და ევროპელი და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. “ინდუსტრია განაპირობებს ქვეყნების განვითარებას. საგანმანათლებლო პროცესმა ფეხი უნდა აუბას ამას. უნდა შემოვიტანოთ ისეთი კურსები, რომელიც თანამედროვეობას ასახავს. მათთვის მნიშვნელოვანია დასაქმების პერსპექტივა, ჩვენი კურსდამთავრებულების 90 პროცენტი დასაქმებულია. ისინი სწავლის პერიოდშივე იწყებენ მუშაობას. სწორედ ინდუსტრიის ჩართულობაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში”,- განაცხადა მაგდა ცინცაძემ.
საერთაშორისო ვორქშოპის გახსნას თსუ პროფესორი, პროექტის „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ პროექტის თანახელმძღვანელი მანანა ხაჩიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის უფროსი ვიცე-დეკანი, პროფესორი მაჰასვეტა სარკარი, პროფესორები, სტუდენტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება „ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზები“ ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას კომპიუტერული მეცნიერების განათლების გაუმჯობესების ცენტრი-ჰაბი არსებული პროგრამების მოდერნიზებით, ინდუსტრიული პრაქტიკის ინტეგრირებით და გენდერული ინკლუზიურობის ხელშეწყობით. ასევე ითვალისწინებს ორმაგი სამაგისტრო პროგრამის შექმნას, სწავლების მოწინავე მეთოდების დანერგვას და ელექტრონული სწავლების ინფრასტრუქტურის შექმნას.
0
0