04/01/2022
16:44
პოლიტიკა
ხუხაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და მისი მექანიზმების შექმნა იქმნებოდა.
„ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და სისტემურ ხასიათს ატარებს. მაგრამ, თუ ერთ ინსტიტუტში ერთი პარტია არ შევა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და დიდი იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. ეს პროტესტის შედეგის მიღწევას ხელს უშლის. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ომში და ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ თოფით გაისვრით და უარს იტყვით ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე - ამას ეძახით სწორს, ეს ხომ სისულელე გამოვა. არცერთ ინსტრუმენტზე და ინსტიტუციურ შესაძლებლობაზე უარი არ უნდა ითქვას. რაც შეეხება სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმდენი თემაა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რაზეც ოპოზიციამ ვერა და ვერ მოახერხა კომისიის შექმნა. გასაგებია, რომ სააკაშვილის თემა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ის სამყაროს ცენტრი არაა, რომ მის ირგვლივ ტრიალებდეს ყველაფერი. სამომავლოდ, სააკაშვილის მიმართ შეიძლება შესწავლილი იყოს მართლმსაჯულების განხორციელების სამართლიანობა. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და ამის მექანიზმების შექმნა იქმნებოდა. სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც ამის გარდა უამრავი სხვა პრობლემაა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა პოლიტიკური პროცესი - სააკაშვილს დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას. იყოს ეს თემა, მაგრამ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ყველამ, უნდა იცოდეს, რომ ხალხს შია, სწყურია, პანდემიით კვდებიან ადამიანები, ტოტალური მოსმენაა, კატასტროფული ინფლაციური პროცესები მიდის. ეს პრობლემებია და არანაკლებ მნიშვნელოვანი. დიდი ბოდიში და დღეში 60 ადამიანი რომ იღუპება, სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ადამიანების სიცოცხლე არაფრად ღირს? კი, ბატონო, ვიმსჯელოთ მის თემაზეც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომლებიც თავისი მასშტაბებით ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების საკითხს სცილდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რა ნაბიჯები დარჩა ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ხუხაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი უპირობოდ გამოუშვან შედეგის მომტანი არაა, ხოლო მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა სახელმწიფოებრივი სიკეთე იქნება.
„მოთხოვნა, რომ უპირობოდ გაათავისუფლო ადამიანი, ეს პოლიტიკური მოთხოვნა არაა. ეს არის ერთი ადამიანის გათავისუფლების ბანალური მოთხოვნა, რასაც საზოგადოების უმრავლესობა არ ემხრობა. ვიღაცას პირიქით, მიაჩნია, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და უნდა, რომ ის ციხეში იჯდეს. სწორი მოთხოვნა იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება მის მიმართ, ეს იქნებოდა სიკეთე არა მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ, არამედ იქნებოდა სახელმწიფოებრივი სიკეთე, რადგან სააკაშვილი რომ გამოუშვან და შემდეგ ხაზარაძე დააკავონ, რა ვქნათ? ეს ხომ მართლმსაჯულების მანკიერების თემას ვერ გადაწყვეტს?
სააკაშვილმა სამყარო თავის თავზე ჩაკეტა და უნდა, მხოლოდ მასზე ვილაპარაკოთ. ცოტა ხნით დაისვენოს, ჩვენც თავი დაგვანებოს, თვითონაც დაისვენოს, რაღაცებზე დაფიქრდეს. ჩვენ დავეხმარებით მას, რომ მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება იყოს მიღწეული იყოს, რათა მას რაც დაუშავებია, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. ფეხების ბაკუნი - გამოუშვით, არ მგონია, პოლიტიკა იყოს და რაც მთავარია, შედეგის მომტანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
წყარო: ,,ინტერპრესნიუსი''
0
0