23/10/2021
23:05
სამართალი
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ, ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში", - განაცხადა ექიმმა.
ამასთან, დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექიმები შევიდნენ. მედიკოსები რუსთავის ციხეში რადენიმე საათი იმყოფებიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ამ დროისთვის არ საჭიროებს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა "მკვლელობის ტოლფასია".
"კონსილიუმი იყო, ვისაუბრეთ დაახლოებით ორი საათი. სააკაშვილს და მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, ეს არის მკვლელობის ტოლფასი. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილი იქნას მაღალი კლასის საავადმყოფოში",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშა, რომ სააკაშვილს დღესაც ჩაუტარდა კვლევები და ის პრობლემები, რაც მას გუშინ ჰქონდა, გამოსწორდა. თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა ახალი პრობლემებიც დაემატოს.
0
0