30/11/2022
22:07
მედიცინა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე და შემაშფოთებელია. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა.
„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის მდგომარეობა, ის ვითარება და მისი დაუძლურება, რაც ვნახე. ემოციურიც იყო და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი ვიზიტის მიზანიც ეს იყო. თუკი ვინმე მენდობა, ან ვინმესთვის ჩემს სიტყვას რაიმე ფასი აქვს, დავარწმუნო რომ ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელი და ძალიან მძიმეა. მინდა ეს საზოგადოებამდე მივიტანო. ვის რა რეაგირება ექნება, ეს მათი გადასაწყვეტია.
როგორც სახალხო დამცველს არ მინდა ეს საკითხი ტვირთად დამრჩეს და ალბათ როცა დრო გავა, მინდა პირნათელი ვიყო ერთი პატიმრის წინაშე. მე ნამდვილად ვფიქრობ რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამაზე ნამდვილად საჭიროა რეაგირება და ეს რა არის სახუმარო მდგომარეობა“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ.
დღესვე ომბუდსმენმა დააზუსტა, რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
„დავაზუსტებ, მე არ შევხვედრივარ დღეს სალომე ზურაბიშვილს, სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ მიმეწოდებინა მისთვის ინფორმაცია იმის შესახებ რაც ვნახე. ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებსაც არ უნახავთ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში, მაინც ალბათ ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და ის მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა.
ამიტომ მინდოდა ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილებები პრეზიდენტს. მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზედაც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან „ემპათიასთან“.
სიმართლე გითხრათ მე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეწყალებაზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა და როგორც ვხედავთ, ის ძალიან ღიად აცხადებს, რომ ის ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ნინო ლომჯარია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში.
0
0