12/11/2022
17:58
მედიცინა
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საათით სხვა კლინიკაში გადაყვანის ფაქტს, დღეს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, „ვივამედში“, შესაბამის აპარატურასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილი კვლევაზე სხვა კლინიკაში რამდენიმე საათით გადაიყვანეს და შემდეგ, ისევ უკან დააბრუნეს.
„არის სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, ან - გამოვრიცხოთ. ამ კვლევის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ“, თქვა ჩხაიძემ.
კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ შედეგები მედიკოსებისთვის ძალიან საინტერესოა და ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს „ერთგვარი ადაპტაციური აშლილობა“ არსებული გარემოებიდან აქვს.
„ის გარემოება, რომელშიც იმყოფება სააკაშვილი, არის დაკავშირებული გარკვეულ სტრესთან. ამაზე არაერთმა სპეციალისტმა ისაუბრა, რომ ეს არის ერთგვარი ადაპტაციური აშლილობა. სანამ ექნება სააკაშვილს ეს გარემოება და შესაბამისი გამაღიზიანებლი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს აისახება მის ჯნმრთელობაზე.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, რადგან კვლავ გრძელდება ტემპერატურული რეაქციები და დამერწმუნეთ, რომ კლინიკაში და არა მხოლოდ ამ კლინიკაში, ქვეყნის გარეთაც, კეთდება ყველა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც მას სჭირდება“, განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
0
0