10/01/2025
14:36
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის და მისი ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულები ხელის გულზე დევს. სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და მათი თანამზრახველების დანაშაულებს დიდი გამოძიება არ სჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა გამოძიება აუცილებელია, მთავარია სახელმწიფომ გაბედოს დანაშაულზე რეაგირება და პროკურატურამ აღძრას შესაბამისი საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე ისაუბრა მმართველი გუნდის ინიციატივაზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და ამ გადაწყვეტილებას ცალსახად დადებითად აფასებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ამზადებენ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ.
„გუშინ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გააცნო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას შეაფასებს.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - სახელისუფლებო გუნდის ეს გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში 2003-12 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესწავლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმ პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დღემდე დგას.
საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი. დღეს ეს პარტიები და მათი ლიდერები ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებენ. სწორედ ეს არის მათი მთავარი დავალება - არ დაასვენონ ქვეყანა და სახელმწიფოს აღქმა მაქსიმალურად დააკნინონ. სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც მათ დანაშაულებზე სახელმწიფო პროპორციულად არ რეაგირებს, ხდება ქვეყანაში ჯაშუშობის ლეგალიზება. ჩვენ ჯაშუშობაში ვგულისხმობთ ყველა იმ ადამიანს თუ პარტიას, რომელიც საკუთარი სამშობლოს ინტერესებზე წინ აყენებს სხვა ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.
0
0