29/05/2023
14:12
კონფლიქტები
„მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, რომ ავიამიმოსვლა ჩვენსა და რუსეთს შორის აღდგეს“, - ამის შესახებ სოხუმის მთავრობის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„რაც შეეხება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. უნდა მოვაწეროთ ხელი სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ვიდრე ჩვენ ამ საქმით ვიყავით დაკავებულები, რუსეთმა ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღადგინა. ეს მათი საქმეა, ჩვენზე ეს არ მოქმედებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო მიმოსვლა ჩვენსა და რუსეთს შორის იყოს. არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ მუშაობა მიდის“, - განაცხადა ბჟანიამ.
ცნობისთვის, მანამდე სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ იგეგმება სოხუმის აეროპორტის აღდგენა და ეს პროცესი 2024 წლამდე უნდა დასრულდეს.
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენამ აფხაზურ ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც მათი აზრით, ეს საკითხი მოსკოვს სოხუმთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უნდა შეეთანხმებინა.
0
0