05/09/2022
18:18
მსოფლიო
რუსეთში ჟურნალისტს ივან საფრონოვს მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
თავდაპირველად პროკურატურა საფრონოვის მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში სასჯელის 12 წლამდე შემსუბუქების წინადადებით გამოვიდა. საფრონოვმა ის უარყო. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
გამოძიების ინფორმაციით, საფრონოვმა ნატოს წევრი ქვეყნების დაზვერვის თანამშრომლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. საფრონოვი 2020 წლის ივნისში დააკავეს და ის სასამართლომდე „ლეფორტოვოს“ ციხეში 2 წლის განმავლობაში იმყოფება.
ივან საფრონოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ასევე სამხედრო და კოსმოსურ მრეწველობაზე რამდენიმე რეზონანსული სტატიის ავტორია. ერთ-ერთი პუბლიკაცია ეგვიპტისთვის რუსული „სუ-35“-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემას ეხებოდა. ამასთანავე, კრემლი და პირადად ვლადიმერ პუტინი კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ საფრონოვის წინააღმდეგ ბრალდებები მის პუბლიკაციებს უკავშირდება.
რუსეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტები ივან საფრონოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი საქმის გადახედვას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, გამოძიებაც და სასამართლოც ანგაჟირებული იყო, ხოლო გამოძიების პროცესში მრავალი დარღვევა მოხდა.
0
0