08/12/2021
22:30
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 7-8 დეკემბერს გამართული ჟენევის დისკუსიების 55-ე რაუნდში ქართულ მხარესთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები არიან ჩართული ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად.
„უსაფრთხოების დონის ამაღლებაში რეალური წვლილის შეტანა შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს მიერ მეზობელ რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციის შემთხვევაში. მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ამ მიზნის მიღწევას ხედავენ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და შემდგომი დემარკაციით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობა თანხმდება, რომ ე.წ. საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სტაბილური რჩება.
უწყების აზრით, ეს არის შედეგი ისეთი მომლაპარაკებელი ინსტრუმენტებისა, როგორიცაა ცხელი ხაზის სააბონენტო პუნქტები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარზე“ ერგნეთში.
„რუსეთი მიესალმება სოხუმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ანალოგიური მექანიზმის ასამოქმედებლად საქართველოსთან საზღვარზე დასახლებულ პუნქტ გალში, მათ შორის, აფხაზური მხარის წინადადებები დღის წესრიგის განახლების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, რუსეთი და მისი მოკავშირეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად მხარდაჭერილ გარანტიებს.
„ასეთი დოკუმენტის აქტუალობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე და შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკისა და ნატოს ინტენსიური სამხედრო-საწრთვნელი აქტივობის გათვალისწინებით, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის სამშვიდობო ინიციატივების მუდმივი იგნორირება. რუსეთი და მისი მოკავშირეები დარწმუნებულნი არიან, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურად უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს, რჩება მნიშვნელოვან დაბრკოლებად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგისთვის. ხსენებული დოკუმენტის განხილვა ნიუ-იორკში სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლების გარეშე, კვლავაც ბლოკავს ამ პრობლემის განხილვას ჟენევის ფორმატში. ამ პრობლემის მოგვარებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს პროგრესს მოლაპარაკებებზე ჟენევის დისკუსიებში“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
0
0