22/10/2024
16:59
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი დაიწყო. სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ.
„ბრიქსის“ სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამიტზე დეტალურად განიხილება საერთო ფინანსური სისტემა.
კრემლის პრესსპიკერის, თქმით, „ბრიქსის“ გაფართოების თემა ყაზანის სამიტის დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ეს საკითხი განიხილება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლიდერებმა ყაზანის სამიტზე უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასოციაციის ფარგლებში თანამშრომლობის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად.
„ბრიქსი“ სახელმწიფოთაშორისი ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის მიერ შეიქმნა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ორგანიზაციას 2011 წელს შეუერთდა. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
0
0