08/08/2023
16:11
კონფლიქტები
აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
„აფხაზეთის მოსახლეობის და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით. 15 წელი გავიდა სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ სამხრეთ ოსეთის და შემდეგ აფხაზეთის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ დროს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გმირობის და თავდადების, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადამჭრელი მოქმედებების შედეგად კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია თავიდან იყო აცილებული. საქართველოს წინააღმდეგ მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია ჩატარდა, ხოლო ორი მოძმე რესპუბლიკა განადგურებას გადაარჩინეს.
რუსეთის ფედერაციას მადლობას ვუცხადებთ რთულ პერიოდში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისთვის. დღეს თავად რუსეთი დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე, გვსურს რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მოვლენები აღარასოდეს განმეორდება და ჩვენი ხალხები მშვიდობაში და დღეგრძელობაში იცხოვრებენ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
0
0