23/02/2022
11:26
კონფლიქტები
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ორშაბათს, აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ, გერმანია Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირებას აჩერებს.
„უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ სიტუაცია Nord Stream 2-თან დაკავშირებითაც. ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შესაჩერებლად“, - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში.
ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, თქვა რომ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები სწრაფად მოიმატებს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში“, - წერს მედვედევი „ტვიტერზე“.
ანალიტიკოსების თქმით, Nord Stream 2-ის გამო დაპირისპირებამ მკვეთრად არ უნდა შეცვალოს ფასების პერსპექტივა მიმდინარე წლის ზამთრისთვის. „მილსადენის პროექტის განხორციელება წლის მეორე ნახევრამდე მაინც არ იყო მოსალოდნელი,“ - აღნიშნა ICIS-ის ანალიტიკოსმა, ტომ მარზეკ-მანსერმა.
ევრაზიის ჯგუფის ენერგეტიკის, კლიმატისა და რესურსების დირექტორის, ჰენინგ გლოისტეინის თქმით, ევროპა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, იანვარსა და თებერვლის დასაწყისში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რა მოხდება შემდეგ.
„თუ მოსკოვი გადაწყვეტს, კიდევ უფრო შეამციროს გაზის ექსპორტი ევროპაში დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, მას შეუძლია სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია. თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთი ასეთ მკვეთრ ნაბიჯს გადადგამს, რადგან ეს ასევე დააზარალებს გაზპრომს, მაგრამ ამგვარი შესაძლებლობა რჩება პუტინის ბოლო აგრესიის გათვალისწინებით,“ - თქვა გლოისტეინმა.
დასავლეთმა აჩვენა, რომ მზადაა, მიზანში ამოიღოს რუსეთის უზარმაზარი ენერგეტიკული ინდუსტრია - თუნდაც საკუთარი ქვეყნებისთვის ზიანის მიყენების რისკის ქვეშ - მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. დასავალეთი მოსკოვს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.
https://edition.cnn.com/2022/02/22/business/nord-stream-2-germany-russia/index.html
0
0