23/05/2022
14:43
მსოფლიო
21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში ომის დროს დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლეს. კიევის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, ალექსანდრე შელიპოვი, სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა მაშინ, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.
მოსამართლეები დასძენენ, რომ „შიშიმარინი, რომელიც საერთაშორისო კონვენციების დარღვევით დანაშაულებრივ ბრძანებას ასრულებდა, მიხვდა, რომ შელიპოვი შეუიარაღებელი სამოქალაქო პირი იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ის სამხედრო ობიექტი არ უნდა ყოფილიყო“. ბრალდებულმა თქვა, რომ სროლა მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა აიძულა.
სასამართლო პროცესზე შიშიმარინმა აღიარა, რომ შელიპოვს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან თავში სამი-ოთხჯერ სასიკვდილოდ ესროლა და ჩადენილი დანაშაული მოინანია. გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, რომ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა სურს, თუმცა, წინააღმდეგი არ იქნება, თუ მას „აზოვსტალის“ დამცველ უკრაინელ სამხედროებში გაცვლიან.
21 წლის ვადიმ შიშიმარინი მოსკოვის ოლქის მეოთხე სატანკო დივიზიის ერთ-ერთი რაზმის მეთაური იყო.
0
0