21/11/2024
15:18
მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის წმინდანად შერაცხავს ლონდონში დაბადებულ მოზარდს, რომელიც ამ ათასწლეულში კათოლიკური ეკლესიის პირველი წმინდანი გახდება. რომის პაპის თქმით, კარლო აკუტისმა ეს პატივი გაჭირვებულებისთვის თავდაუზოგავი სამსახურის გაწევისა და, თავისი კომპიუტერული ცოდნის დახმარებით, ინტერნეტსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის რწმენის გავრცელებისთვის დაიმსახურა.
კარლო აკუტისს ასევე მოიხსენიებენ მეტსახელებით "ინტერნეტის ეპოქის წმინდანი" და „ღვთის გავლენის აგენტი“. ის, 15 წლის ასაკში, 2006 წელს, ლეიკემიით გარდაიცვალა. კარლო აკუტისი ლონდონში, იტალიელი მშობლების ოჯახში დაიბადა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს, ერთ-ერთი ბრაზილიელი ბიჭის ოჯახმა განაცხადა, რომ მათი შვილი თანდაყოლილი მწვავე დაავადებისგან [ასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისგან] განიკურნა, როდესაც კარლოს დედამ ბიჭს, რელიქვიის სახით, ნივთი აჩუქა, რომელსაც განმკურნებელი ძალა აღმოაჩნდა. კათოლიკური ეკლესია კარლოს ასევე მეორე სასწაულს მიაწერს. 2022 წელს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად, კოსტა-რიკოელმა გოგონამ თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა გამოჯანმრთელდა მას შემდეგ, რაც მისმა დედამ ასიზში, კარლოს საფლავზე, ილოცა. 2024 წლის დასაწყისში, რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნულ სასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე დეკრეტი გამოსცა, რომელთა საფუძველზე, კარლო აკუტისი წმინდანად შეირაცხება.
კარლო აკუტისის წმინდანად შერაცხვის ცერემონია ვატიკანში 2025 წლის 25-27 აპრილს გაიმართება.
0
0