29/06/2022
13:29
მსოფლიო
შვედეთი და ფინეთი ნატოს უერთდება - ომის დროს ნეიტრალიტეტის მქონე ხანგრძლივი ისტორიით გამორჩეული ორივე ქვეყნისთვის ეს კოლოსალური ცვლილებაა. მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს მათ, სავარაუდოდ, საბოლოო დაბრკოლება - თურქეთის წინააღმდეგობა - გადალახეს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა?
ფინეთი
ბევრი ფინელისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები „შემზარავად“ ნაცნობია. სსრკ ფინეთში 1939 წლის ბოლოს შეიჭრა. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთის არმია რიცხობრივად ჭარბ მტერთან სასტიკი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. მათ თავიდან აიცილეს ოკუპაცია, მაგრამ საბოლოოდ ტერიტორიის 10% დაკარგეს.
„რუსეთ-უკრაინის ომი ამ ისტორიის გამეორებას ჰგავდა. ფინელები უყურებდნენ მათ 1340 კმ-იან საზღვარს რუსეთთან, და ფიქრობდნენ: „შეიძლება ეს ჩვენთანაც მოხდეს?“ - თქვა ირო სარკამ, ჰელსინკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა.
შვედეთი
ბოლო წლებში შვედეთიც საფრთხის წინაშე დადგა, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო სივრცე რამდენიმეჯერ დაარღვია. 2014 წელს შვედებს აშფოთებდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული წყალქვეშა ნავი სტოკჰოლმის არქიპელაგის არაღრმა წყლებში იმალებოდა. ორი წლის შემდეგ შვედეთის არმია პატარა, მაგრამ ბალტიის ზღვის (ოცი წლის მიტოვებულ) სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ გოთლენდში დაბრუნდა.
ნატოს წევრები თანხმდებიან, რომ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე დახარჯონ. ფინეთი უკვე ასრულებს ამ მიზანს, შვედეთი კი აცხადებს, რომ ამას "მაქსიმალურად სწრაფად გააკეთებს".
მადრიდში მიმდინარე სამიტზე ნატოს წევრებმა ასევე უნდა შეცვალონ ალიანსის ოფიციალური პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელიც 2010 წელს მიიღეს და მოსკოვს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდეს.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც „პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ღირებულებებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის“.
0
0