13/07/2024
16:28
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა.
იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ.
მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა – 7:6.
მასპინძლები პირველივე ტაიმში კაცნაკლულები დარჩნენ – არბიტრმა მათი მორაგბე მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა და საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაწინაურება – ჯერ ვანო კარკაძემ დადო ლელო, რადენიმე წუთში კი მიხეილ ალანიამ გამოიჩინა თავი და ტაიმი ქართველებმა 18:13 მოიგეს.
იაპონიამ აქტიურად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარიც. მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით შეძლეს სხვაობის შემცირება. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 მოთამაშით დარჩა, იაპონელებმა ამით ისარგებლეს, ლელო დადეს და დაწინაურდნენ – 23:18.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ამ შეტევებმა შედეგიც გამოიღო – 72-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ მესამედ მოახერხა იაპონელთა ჩათვლის მოედანში ლელოს დადება, მატკავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა 25:23.
დარჩენილ დროში იაპონელები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მოახერხეს თვის დაცვა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა.
0
0