28/11/2024
19:35
მსოფლიო
ავსტრალია 16 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენებას აუკრძალავს. შესაბამისი კანონი ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო, რომელიც, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში არ შევა ძალაში. ეს გახდა ყველაზე მკაცრი რეგულაცია მსოფლიოში მოზარდების მიერ სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რეგულაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტექნიკური კომპანიების დაჯარიმება 50 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე, თუ ისინი კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის თქმით, კანონმდებლობა საჭიროა ახალგაზრდების დასაცავად სოციალური მედიის „ზიანისგან“, რასაც მშობელთა ბევრი ჯგუფი დადებითად გამოეხმაურა.
„ეს გლობალური პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა ავსტრალიელებს ბავშვობა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა, მშობლებს სიმშვიდე ჰქონდეთ“, – განაცხადა ავსტრალიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ეს არ არის გლობალურად ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვის პირველი მცდელობა, მაგრამ ის მოიცავს უმაღლეს ასაკობრივ ზღვარს და არ მოიცავს გამონაკლისებს არსებული მომხმარებლებისთვის ან მშობლის თანხმობის მქონე მომხმარებლებისთვის. კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, რომელი პლატფორმები აიკრძალება. ამ გადაწყვეტილებებს მოგვიანებით მიიღებს ავსტრალიის კომუნიკაციების მინისტრი, რომელიც რჩევას მიიღებს eSafety კომისრისგან – ინტერნეტ მარეგულირებელი, რომელიც აღასრულებს წესებს. სათამაშო და შეტყობინებების პლატფორმები გათავისუფლებულია, ისევე როგორც საიტები, რომლებზეც წვდომა შესაძლებელია ანგარიშის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ, მაგალითად, YouTube სავარაუდოდ არ იქნება შეზღუდვებში.
მთავრობა აცხადებს, რომ შეზღუდვების განსახორციელებლად დაეყრდნობა ასაკობრივი გადამოწმების ტექნოლოგიას და ვარიანტები შემოწმდება უახლოეს თვეებში. პასუხისმგებლობა იქნება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რომ თავად დაამატონ ეს პროცესები.
კანონმდებლობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შეზღუდვები შეიძლება, ადვილად გადაილახოს ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა VPN, რამაც შეიძლება, შენიღბოს მომხმარებლის მდებარეობა და აჩვენოს, რომ ისინი შედიან სხვა ქვეყნიდან.
კანონპროექტის მიღებამდე ხანმოკლე საკონსულტაციო პერიოდის განმავლობაში Google-მა და Snap-მა გააკრიტიკეს კანონმდებლობა, რომ არ მიაწოდეს მეტი დეტალი, ხოლო Meta-მ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ იქნება ეფექტური და არ დააკმაყოფილებს მის მიზანს, რომ ბავშვები უფრო უსაფრთხო გახადონ.
თავის განცხადებაში TikTok-მა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მთავრობის განმარტება სოციალური მედიის პლატფორმის შესახებ იმდენად „ფართო და გაურკვეველია“, რომ „თითქმის ყველა ონლაინსერვისი შეიძლება მოექცეს შეზღუდვებში. X-მა ეჭვქვეშ დააყენა კანონპროექტის „კანონიერება“, თქვა, რომ, შესაძლოა, ის არ შეესაბამებოდეს საერთაშორისო რეგულაციებს და ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებს, რომლებსაც ავსტრალიამ მოაწერა ხელი.
გასულ წელს საფრანგეთმა შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც ბლოკავს სოციალურ მედიაში წვდომას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მშობლების თანხმობის გარეშე, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა თითქმის ნახევარმა შეძლო VPN-ის გამოყენებით აკრძალვის თავიდან აცილება. აშშ-ის იუტას შტატში კანონი, რომელიც ავსტრალიის მსგავსი იყო, გააუქმა ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ის არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
0
0