21/11/2024
12:30
პოლიტიკა
ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე, რომ ელემენტარულად, აქციის ლოკაციაზე, დროზე და ფორმაზე ვერ თანხმდებიან - შესაბამისად, ასეთ ხალხს, არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია და მათი ამომრჩევლების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.
„ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას. რატომ? - იმიტომ რომ თვითონ ოპოზიციისგან ვერავინ ვერაფერს იგებს. ერთს უნდა უნივერსიტეტთან შეკრება, მეორეს „ლელოს“ ოფისში მსჯელობა, მესამეს „ჩათებში საქმის გარჩევა“, მეოთხეს ოფისში მისვლა, მეხუთე საერთოდ არ დადის არც აქციებზე და არც ოფისში. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, არის რადიკალური ოპოზიციის სახე, რომ ელემენტარულად აქციის ლოკაციაზე, დროზე და ფორმაზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, ასეთ ხალხს, არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე არის, რომ მათივე ამომრჩევლის რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ის, რომ თავისი ამომრჩეველი გადააგდო რადიკალურმა ოპოზიციამ, როცა უთხრა, რომ ის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა. ახლა არამცთუ არ წერენ, არამედ აღარც აცხადებენ. ერთი, ორი და ხუთი ადამიანი რომ ლაპარაკობს, ეს არაფერია. მათ თქვეს რომ 61-ვე ადამიანი დაწერდა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. გნებავთ, „მეილით“ შეიძლება გამოაგზავნონ პარლამენტში. პრაქტიკულად, 3 დღეშია უკვე სხდომა და ჩვენ და ასევე, მათი ამომრჩევლები ვნახავთ, რომ მორიგ ჯერზე მოხდება გადაგდება საკუთარი ამომრჩევლების ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, ვერანაირი გემა ვერ ექნებათ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
უმრავლესობის წევრის თქმით, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
მაჭარაშვილი ელის, რომ ოპოზიციის 61-ვე წევრი არ დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
„რაც შეეხება დაწერს თუ არა განცხადებას ოპოზიცია, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. ჩემი მოლოდინია, რომ, რა თქმა უნდა, პარლამენტის 61 წევრი ოპოზიციიდან, არ დაწერს ამ განცხადებას, ან „მეილს“ არ გამოაგზავნის და აქედან გამომდინარე, ისინი კიდევ ერთხელ გაცხადდებიან როგორც მათივე ამომრჩევლის გადამგდებები. ჩვენს შემთხვევაში ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ასეთი ტიპის ოპოზიცია გვეყოლება თუ არა პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, თუ არ გვეყოლება კიდევ უკეთესია, ამიტომაც ვამბობთ, რომ ასეთი ტიპის მოღალატეობრივი ხასიათის და შინაარსის ოპოზიცია არ უნდა იყოს ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში, ქვეყანაში და ამაზე ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ. რაც შეეხება მათ ხასიათს - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ, დილით დედა დაიფიცონ, რომ რაღაცას გააკეთებენ და საღამოს თქვან, რომ „ნიჩვრიტი“ მქონდაო და იგივე გააკეთონ," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0