25/11/2024
12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ - რაც არ უნდა „იღლიცინოს“ პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის. არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ საქმიანობას აგრძელებს და მშვიდობიანი წინააღმდეგობა ერთადერთი სწორი პასუხია ასეთ უმსგავსობაზე.
„პაპუაშვილი იმას ამბობს, რასაც უბრძანებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ან მისი ქვეშევრდომი. პაპუაშვილი ჩქარობს, რომ გააგრძელოს არალეგიტიმური ნაბიჯები. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს იგივე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არალეგიტიმური იქნება. პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება. ეს გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მშვიდობიანი მანიფესტაცია, არაღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარ დესტრუქციულ საქმიანობას, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ საქმიანობას. ეს დემონსტრაციები მუდმივი იქნება. მშვიდობიანი წინააღმდეგობა ერთადერთი სწორი პასუხია ასეთ უმსგავსობაზე, რასაც ვაკვირდები. ოთხმა კოალიციურმა ცენტრმა უნდა შექმნას ერთობლივი ფორმატი, რომელიც იქნება ამ თავყრილობის ალტერნატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის შენობაში შექმნა.
პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ, მისი განცხადებების კომენტარზე თავს შევიკავებ. ოთხივე კოალიციური ცენტრი ცალსახად აცხადებს, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რათა არალეგიტიმური თავყრილობაა. ამ კოალიციური ცენტრების გადაწყვეტილებაში არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. რაც არ უნდა იღლიცინოს პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის. არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ვინ იქნება მინისტრი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც კეთროვანია ცივილიზებული სამყაროსთვის და მასთან ხელის ჩამორთმევისგან ყველა იკავებს თავს“.
ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“. როგორც მან განმარტა, ოპოზიცია მანდატებზე უარს თუ იტყვის და განცხადებას დაწერს, ამით საკუთარ თავს დაანგრევს, თუ უარს არ იტყვის მანდატებზე, ამით დაიმცირებს საკუთარ თავს.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. ნახავთ თქვენ შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის, რომ პარლამენტში არ შესვლა ნიშნავს, რომ ფეხს არ შედგამს. „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0