26/02/2023
21:05
მედიცინა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისთვის 20-მდე დიაგნოზი არ დაუსვამთ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ასევე დემენციის დიაგნოზი დადასტურებული არ აქვს.
„პაციენტს 2017 წელს ჩატარებული აქვს ბარიოატრიული ოპერაცია. წონაში კლება ამას არ უკავშირდება, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ“,- განაცხადა ექიმმა.
რაც შეხება დემენციას, თამარ დამარაშვილი განმარტავს, რომ ეს მისი მიმართულება არ არის, თუმცა ფსიქიატრებს ეს დიაგნოზი არ დაუსვამთ.
„დემენცია არის ფსიქიატრიული დიაგნოზი. ჩვენს ფსიქიატრებს ეს დიაგნოზი დასმული არ აქვთ. მათ აქვთ ორი დიაგნოზი დასმული. ხანგრძლივი დეპრესიის ზემოქმედება და პატიმრობასთან შეუთავსებლობა“,- განაცხადა დავარაშვილმა.
რაც შეეხება შესაძლო მოწამვლას, თამარ დავარაშვილის თქმით, ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა და მძიმე მეტალები ორგანიზში არ აღმოჩნდა.
„ტოქსიკოლოგმა მოწამვლა გამორიცხა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.
მან გაიხსენა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოთავსებისას.
„პაცინეტი ჩვენთან 12 მაისიან იმყოფება. შემოსვლიდან მისი მდგომარეობა მძიმე იყო იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობდა, იღებდა მარტო სითხეებს. სხვათაშორის, ძალიან კარგი შემადგენლობის სითხეებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა ამ გარემოებით მძიმე იყო, მისი ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო. ამიტომ გადაწყდა პაციენტის მოთავსება თერაპიულ პალატაში. ჩვენ დავიწყეთ კვლევები, უცბად ყველაფრის მიცემა არ შეიძლებოდა. გამოიკვეთა რაღაც დარღვევები გარკვეულ სისტემაში. დავიწყეთ მკურნალობა ამერიკელი ნუტრიციოლოგთა „გაიდლაინებისა“ და პროტოკოლის მიხედვით. ძალიან ნელა დავიწყეთ. მახსოვს ერთ ორცხობილას რომ მიიღებდა, გვიხაროდა. ერთი ბროკოლი თავისი არჩევანი იყო. იყო არჩევანის უფლება და მასთან შეთანხმებით ვარჩევდით, რას მიირთმევდა. დასაწყისში ჰქონდა ღებინება, გულისრევა, მაგრამ მკურნალობის ფონზე რაციონი თანდათან ფართოვდებოდა. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ეს რაციონი უფრო ფართო იყო შედარებით, მაგრამ ენერგეტიკული ბალანსით მაშინაც ვერ პასუხობდა ძირითად ცვლას. ყველაფერს იღებდა თითქმის: ბოსტნეული, ხილი, ხორცის ნაწარმი. იყო მცდელობა თევზის მიღებისაც. პაციენტს თავიდან სჯეროდა ჩემი. ვითანხმებდი იმაზე, რომ კორიდორში გამოვსულიყავით და გვევლო. თავიდანვე იყო კოორდინაციის დარღვევა, ეს ჩივილები რჩებოდა“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს დასმული ჰქონდა დიაგნოზი და „ვივამედშიც“ დასვა ფსიქიატრმა, რაც არის პერიფერიული ნეიროპათია და ხანგრძლივი დეპრესიული ზემოქმედება.
მისი თქმით, წონაში კლება თავიდანვე გამოხატული იყო, მაგრამ არა საგანგაშოდ. ექიმმა გაიხსენა, თუ როდიდან შეზღუდა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად საკვების მიღება.
„4 ოქტომბერს, როცა სასამართლო უნდა ჩატარებულიყო, მოსამართლე შევიდა, შემდეგ მეც შევედი და მაშინ გამოხატა თავისი აგრესია. ეს ნამდვილად შეტევითი ხასიათის იყო. ამის მერე იღებდა მარტო 2 ნაჭერ მჭადს, კიტრს და კომბოსტოს სალათას. მანამდე იკვებებოდა, სუპებს იღებდა და ყველაფერს. მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გადავიდა ასეთ კვებაზე“,- განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი უკვე მოიხმარდა დიდი რაოდენობით სიგარეტს.
„ელექტროსიგარეტი შემოჰქონდათ, მაგრამ მე ვუზღუდავდი“,- განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
რაც შეეხება სიცხეს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განმარტებით, ტემპერატურის მიზეზი ორგანულად ვერ დადგინდა, თუმცა, შეიძლება ეს ნერვიულობასაც უკავშირდებოდეს. „37,1 და 37,2 პერიოდულად აქვს. რასაც დავაკვირდი, საკმარისია მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა შეიცვალოს და სიცხეები მატულობს“, - განაცხადა ექიმმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024