24/04/2024
15:26
ეკონომიკა
ევროპარლამენტარი საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") დასანქცირებას ითხოვს. როგორც პეტრას აუსტრევიჩუსმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, "ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ".
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ განმეორებითი მცდელობები შემოიღონ კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ, არის მაგალითი იმისა, "თუ როგორ ცდილობენ აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე".
"მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნის დასავლურ მომავალს იცავს.
კოლეგებო, ამ შესაძლებლობის გამოყენებით მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო.
დოკუმენტის თანახმად, საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე მხოლოდ ერთი ბინაა რეგისტრირებული, რომელიც 2018 წელს 50 500 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვაჟა სირაძეს "თი-ბი-სი ბანკის სახელფასოზე ჰქონდა 3 702 ლარი, ანაბარზე - 3000 ლარი, „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 149 ლარი, ხოლო, დანაზოგის სახით, 40 000 ლარი.
დოკუმენტის თანახმად, ვაჟა სირაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს, 91 748 ლარი მიიღო.
2023 წლის ივნისში შეავსო დეკლარაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა.
დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ მიღებული, ხოლო ერთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 3000 დოლარად აქვს შეძენილი (2010 წელს).
ასევე ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 15 000 აშშ დოლარად შეიძინა (2005 წელს) და მსუბუქი ავტომობილი Jeep Wrangler-ი, რომლის ღირებულება, 2011 წელს 9600 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ხარაზიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასოზე 13 590 ლარს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი არის შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს 83 606 ლარი აქვს აღებული.
bpn.ge
0
0