20/10/2021
17:41
სამართალი
ბრალის შესახებ შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოიტანა, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 28 სექტემბერს, გემით გადმოკვეთა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“.
აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.
აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.
აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.
ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში.
29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.
29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ.
ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024