12/08/2024
20:45
სპორტი
როდესაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშები დაიწყო, ის უბრალოდ, სამოყვარულო იყო. პროფესიონალ სპორტსმენებს არც ფულად პრიზებს აძლევდნენ და არც საჩუქრებს.
დროთა განმავლობაში წესები შეიცვალა და დღეს, ოლიმპიური მედლის მფლობელი, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ სოლიდურ ფულად ანაზღაურებასაც იღებს. გარდა ამისა, სპორტსმენებს სხვა გზებითაც შეუძლიათ ფულის გამომუშავება.
სპონსორებიდან დაწყებული ფინანსური ჯილდოებით დამთავრებული - ოლიმპიელებს შეუძლიათ მიიღონ ფული სხვადასხვა წყაროდან.
კრივი და მძლეოსნობა
2024 წლის პარიზში წარმოდგენილი 32 სპორტიდან საპრიზო ფონდი მხოლოდ ორში გაიცემა - მძლეოსნობა და კრივი.
World Athletics-მა, მძლეოსნობის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ, აპრილში გამოაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის თამაშებზე ოქროს მედალოსნები მიიღებდნენ 50,000 დოლარს ტურნირის გამარჯვებისთვის.
ერთი თვის შემდეგ, კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) თქვა, რომ ასევე დაწესდა ფულადი ჯილდოები: 100,000 დოლარი გადაეცემა ოლიმპიურ ჩემპიონებს.
ორივე სპორტში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები მიიღებენ მცირე თანხებს. კრივში კი მეხუთე ადგილზე გასული სპორტსმენებიც დაჯილდოვდებიან.
საპრიზო თანხა ორი ასოციაციის მმართველი ორგანოებიდან გაიცემა.
თავის მხრივ, მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია ოლიმპიადიდან მიღებული მოგების ნაწილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან იღებს. ადრე ასოციაცია ამ თანხებს სპორტსმენების განვითარებაზე ხარჯავდა. თუმცა, ამჯერად უშუალოდ გამარჯვებულ სპორტსმენებზე დახარჯავს.
ეროვნული სიამაყე და საპრიზო თანხა
აღსანიშნავია, რომ სინგაპურის ოლიმპიური ჩემპიონები უფრო მეტ თანხას მიიღებენ, ვიდრე აშშ-ს ოლიმპიური ჩემპიონები.
ითვლება, რომ სინგაპური თავის სპორტსმენებს ყველაზე მეტს უხდის: პარიზში მისი ოქროს მედალოსანი 750 000 დოლარს მიიღებს.
ფრანგი სპორტსმენებისთვის თანხა 80 000 ევროა, მაროკოელი სპორტსმენებისთვის კი - 200 ათასი აშშ დოლარი.
ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ, რომელიც ოქროს მედლის მფლობელისთვის 37 500 დოლარს გამოყოფს.
ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, ოლიმპიელებს არანაირ ფინანსურ ჯილდოს არ აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები არც თუ ისე მცირეა, ის მაინც ვერ მიუახლოვდება იმ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომლის გამომუშავებაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპორტსმენებს სხვა გზებით შეუძლიათ.
“ოლიმპიურ თამაშებზე შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ვარსკვლავი სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა ბრენდებთან გაფორმებული კონტრაქტების გარდა, შთამბეჭდავ ხელფასს იღებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდის კალათბურთელები. ასევე შეგიძლიათ იხილოთ სპორტსმენები, რომლებიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ საკუთარი თავის გადასარჩენად“, - ამბობს bbc -თან კოვენტრის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი დოქტორი ბეისონი.
ვარსკვლავები
NBA-ს სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენია. ვარაუდობენ, რომ კალათბურთელმა გასულ წელს 128 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Forbes-ის უმდიდრესი სპორტსმენების ყოველწლიური სიის მიხედვით კი ესპანელი გოლფის მოთამაშე ჯონ რამი იყო ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენი პარიზის 2024 წლის თამაშებზე. გამოცემის შეფასებით, გასულ წელს მან 218 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობამ მათ შემოსავალზე მცირე გავლენა მოახდინა. თუმცა, დაბალი დონის სპორტსმენებისთვის, მედლის მოპოვება საჭირო შემოსავლის წყაროა.
ხშირად სპორტსმენების კონტრაქტებში შედის პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ კვარცხლბეკზე ასვლის შემთხვევაში სპონსორებისგან ბონუსს მიიღებენ. როგორც წესი, ეს კონტრაქტები კონფიდენციალურია, მაგრამ 2016 წელს Nike-სა და New Balance-ს შორის სასამართლო დავის დროს გაირკვა, რომ ამერიკელ მორბენალს ბორის ბერიანს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მოპოვების შემთხვევაში 150 000 დოლარი უნდა მიეღო.
შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი სპორტის ვარსკვლავი ცხოვრობს, ბევრი სპორტსმენი არსებობისთვის იბრძვის. შეერთებული შტატების ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამინდელი სპორტსმენების 26,5% წელიწადში 15 000 დოლარზე ნაკლებს იღებს.
რა არის მედლის რეალური ღირებულება?
იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი მედლები შეიცავენ 505 გრამ ვერცხლს და ექვს გრამ ოქროს, მათი წმინდა ღირებულება 950 დოლარია.
წყარო: bbc.com
0
0