19/08/2022
10:44
სამართალი
სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა და ასევე, დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, – ამის შესახებ პროკურორმა, ნათია ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურორის თქმით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.
ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.
„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის, იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ.
თუ რა ინფორმაციაა აღწერილი ფოტო და ვიდეომასალაზე თუ მოწმის ჩვენებაში, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. იმ შემთხვევასი, თუ დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებობს სხვა დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში პროკურატურა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პროკურორმა.
„მთავარი არხის“ ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლო გადაწყვეტილებით დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ყოფილი ტელეწამყვანი სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.
0
0