01/10/2021
20:24
სამართალი
თვალი გადავავლოთ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავარ პროკურატურაშია აღძრული. მათ შორის ყველაზე სკანდალური ე.წ. პიჯაკების საქმეა. ამ ეპიზოდს საზოგადოების ნაწილი „ბოტოქსების საქმედაც“ მოიხსენიებს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელსაც გამოძიება სააკაშვილს ედავება, სწორედ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებში, მათ შორის ბოტოქსებშია გახარჯული.
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წაუყენა. საუბარია 8 მილიონ 837 ათას 461 ლარზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულ რეჟიმში გაიხარჯა. რატომ გახდა საჭირო ხარჯების გასაიდუმლოება?
ყველაფერი 2009 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, თუმცა მოგვიანებით, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში განთავსდა, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ის ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.
ასე დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა საიდუმლო რეჟიმში. გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. პროკურატურის ინფორმაციით, ხსენებულ პატაკებს გრიფი „საიდუმლო“ ენიჭებოდა „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე დახარჯულია 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსისა“ და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად, მათ შორის მიუნხენსა და ნიუ-ორკში.
პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვა „საიდუმლო“ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც ირკვევა, რომ, მაგალითად, პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით სულ გახარჯულია 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად – 7 994 ლარი (რის გამოც ამ საქმეს საზოგადოების ნაწილმა ე.წ. „პიჯაკების საქმე“ უწოდა); აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია, ჯამში, 53 283 ლარი; ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.
ეს და სხვა ბევრი ხარჯი უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „საიდუმლო“ პატაკით ფორმდებოდა, თუმცა საიდუმლო ხარჯების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 მილიონ ლარზე მეტი.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამავე საქმეზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუასა და მისი მოადგილის, გია სირაძის მიმართ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კი გამოძიება ცალკე წარმოებად გრძელდება.
დეპუტატზე ანგარიშსწორებას წინ უძღოდა 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
პროკურატურა ირწმუნება, რომ სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.
„დავალების მიღების შემდეგ მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
2014 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, ამჯერად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. პროკურატურაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.
რაში გამოიხატებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა სანდრო გირგვლიანის საქმეში? როგორც ცნობილია, გირგვლიანის მკვლელობა იმ დროის მძლავრი საპროტესტო მოძრაობის საფუძველი გახდა. ოპოზიცია და საზოგადოება ხელისუფლებას შსს-ს მაღალჩინოსნების დასჯას სთხოვდა. 2006 წლის თებერვალში გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა, რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც – გერონტი ალანია. ამ გზით, კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.
და აი, აქ უკვე საქმეში შემოდის მიხეილ სააკაშვილი… გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს, სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც, ასევე, შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას.
„მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისგებას. ამასთანავე, დავით ახალაიას შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ…. დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით….
2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“, – ასეთია პროკურატურის ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილს, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე, 2014 წელს წაუყენეს ბრალი 7 ნოემბრის ეპიზოდზეც. საქმე ეხება მშვიდობიან მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დაუფლებას.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში „ტელეიმედით“ გაშუქდა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში „ტელეიმედის“ ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა პატარკაციშვილის ლიკვიდაციას.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ყოველივე ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია „იმედის“ საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის მიზნით. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში „ტელეიმედი“ გაეცვალა „საქართველოს რკინიგზაში“, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი.
2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 4 ნოემბერს, სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც თავად მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები.
„მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი. მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები – გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, სცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“.
თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება – ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა მომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებულ იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ამას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა და მაუწყებლობის გაჩერება. პარალელურად სამართალდამცველები შეიჭრნენ პატარკაციშვილის კუთვნილ „მთაწმინდის პარკშიც“, თავად ბადრი პატარკაციშვილი კი სახელმწიფო შეთქმულებაში იქნა მხილებული.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული „ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპის“ წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო „ტელეიმედი“, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს, გადამდგარიყო შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას.
0
0