26/07/2023
21:41
სპორტი
„აქტობე“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის მატჩზე თამაშის დღეს გაემგზავრება, – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ყაზახეთის საფეხბურთო საზოგადოებისა და „აქტობეს“ გულშემატკივრების საყურადღებოდ. დღეს, 26 ივლისს, დილის 11:00 საათზე, საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაცია აქტობე-ქუთაისის ჩარტერული რეისით გეგმავდა ფრენას უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა ქუთაისში, 27 ივლისს უნდა ჩატარდეს.
შესაბამისი დოკუმენტები ჩარტერული ტრანსპორტირების შემსრულებელი თვითმფრინავის ტიპისა და გვერდითი ნომრის, ფრენის ნომრის, ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის საკუთრების შესახებ, დროულად გაუგზავნა ქართულ მხარეს კლუბის პარტნიორმა ტურისტულმა კომპანიამ „სანჯარ ტურმა“, რომელიც ბოლო ხუთი წელია „აქტობეს“ ავიამომსახურებას უწევს.
თუმცა, 26 ივლისს, გამთენიისას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტში აღნიშნული თვითმფრინავის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება გაგზავნეს, მიზეზების ახსნის გარეშე. ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს დადებით გადაწყვეტილება არ მოჰყოლია. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ სახლში დარჩა და წინა სამატჩო ვარჯიში“ აქტაუს სტადიონზე გამართა.
ამ დროისთვის თვითმფრინავის ფრენა გუნდის დელეგაციასთან ერთად კოორდინირებულია ყველა უფლებამოსილ სტრუქტურასთან. ხვალ, 27 ივლისს, დილის 9:00 საათზე, აქტობეს დელეგაცია ქუთაისში სხვა თვითმფრინავით გაფრინდება. ჩვენ მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, რომლებიც გასვლით მატჩში გუნდის მხარდასაჭერად წავიდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმები დაიცვან“, – წერია „აქტობეს“ ოფიციალური განცხადებაში.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.
0
0