17/12/2022
00:02
სამართალი
ქუთაისში სამგზავრო ავტობუსის გატაცებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ადვოკატმა სააგენტო “სივრცეებს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იყო მგზავრი ამ ტრანსპორტში და არა - მძღოლი. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ “აცნობიერებდა რას სჩადიოდა”.
“რაც შეეხება თავად ფაქტს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მგზავრობდა ამ ავტობუსით. ის ვერ აცნობიერებდა რას სჩადიოდა, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როცა მძღოლმა გაჩერებაზე გააჩერა ტრანსპორტი და სიგარეტის მოსაწევად ჩავიდა, სწორედ ამ დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა გადმოინაცვლა მძღოლის ადგილზე და დაძრა ავტობუსი. მას მგზავრების მიმართ აგრესია არ ჰქონია... დაძრა ავტობუსი და გაიარა დაახლოებით 20-25 მეტრი, რის შემდეგაც მოხდა მისი შეჩერება. მას არ ჰქონია გატაცების მიზანი”, განუცხადა სივრცეებს ადვოკატმა.
ქუთაისელ მამაკაცს ბრალს, ოფიციალურად ,72 საათში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.
“მოკლედ, ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია:)
ესეიგი, ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.
ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო.
მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი:)”, – წერს ადვოკატი.
0
0