28/09/2024
19:01
არჩევნები 2024
მოგესალმები ჩემო კახეთო; შიდა, გარე, გაღმა კახელებო; ჩემო ქიზიყელებო; თუშებო; ჩვენო ქისტებო, აზერბაიჯანელებო. გილოცავთ ალავერდობას. დღეს, რომელიც ყველა ერის და სარწმუნოების ადამიანს ერთი ტაძრის ეზოში აერთიანებს.
ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის. სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს.
მხარეში, რომლის მისადგომები ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით არის შემომტკიცებული ხორნაბუჯიდან კვეტერამდე, უჯარმიდან გრემამდე, ბახტრიონიდან ომალომდე.
მხარეში, რომელიც მტერმა ერეკლე მეფის იარებივით უთვალავჯერ დასერა, მაგრამ ვერ სძლია, და დღესაც დგას ამაყად და ღირსეულად. დგას როგორც ალავერდი, ბოდბე, ნეკრესი, იყალთო და დავით გარეჯი.
დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა: ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ჩვენი იდენტობით, ტრადიციებით და ინტერესებით გავხდებით ევროპელ ხალხთა ერთობის ნაწილი თუ ამ ყველაფერს ევროპის კართან დავტოვებთ და ისე შევერევით ამ ერთობას? ჩვენით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნება-სურვილზე ვიქნებით დამოკიდებული?
გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან, შინაურები თუ გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგვეტანებინა, ომის შავ-თეთრი რეალობა დაგვებრუნებინა, ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა.
მაშინ, ჩვენს მტერ-მოყვარეთა რჩევებს არ დავუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს.
წარმოიდგინეთ, იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე აჰყვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას; და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა.
და რას ვეტყოდით ჩვენს შვილებს, რატომ დავუნგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრებაც წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? იქნებ დღევანდელი ოპოზიცია, ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა? თუ მათი გარე მეგობრები?
ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენს საომარს სხვა არავინ იომებს; და რომ ჩვენს მისახედს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს: გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება - რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას?
საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქსოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამეობრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ, მართლმადიდებლობისთვის წამებული, კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა.
ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ, სხვებთან ერთად, თავად ვქმნიდით და ვიცავდით ევროპას.
დღესაც, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერგარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების, და არა შერწყმის და ჩაკარგვის.
ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი.
ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას - ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა.
ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიბილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვპირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც.
26 ოქტომბერს, კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ.
ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ, ერთ ქართულ ლაშქრად უნდა შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება.
გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს!
ალავერდის და წმ. ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს კახეთს და მთლიანად საქართველოს!
0
0