27/12/2024
09:06
პოლიტიკა
ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ, არ ვგავართ ამათ და ისინიც ხვდებიან, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
„ჩვენ ხომ დიდხნიანი ისტორია გვაქვს? ჩვენ პრეზიდენტთან მაგალითად, ურთიერთობა გავწყვიტეთ მას შემდეგ, რაც მან „თავდაცვის კოდექსს“ მხარი დაუჭირა. ეს იყო ზუსტად ერთი წლის წინ. ჩვენ პრინციპული ხალხი ვართ. ჩვენთვის ან ადამიანების ქმედება ლოგიკური და გასაგებია, ან მასთან ვერ ვურთიერთობთ, არ შეგვიძლია. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი უკვე ერთწლიან ოპოზიციაში იყო ფაქტობრივად და გამალებული კვაზი ომი იყო გაჩაღებული „ქოცებსა“ და პრეზიდენტს შორის. ამ დროს, მიიღეს „თავდაცვის კოდექსი“, რომელიც უბრალოდ, შეურაცხმყოფელი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქართული ჯარისთვის. მე პირადად შევხვდი პრეზიდენტს და ფაქტობრივად, ერთი სათის განმავლობაში ველაპარაკებოდი. იცით, როგორ იყო? უბრალოდ, ჩემი არგუმენტების საწინააღმდეგო აზრი სისულელე მგონია და ამიტომ, ჩავთვალე, რომ პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი ზოგადად, ამ შემთხვევაში. დღეს რა შეიცვალა, ერთი წლის შემდეგ „ქოცები გამოსწორდენენ? თუ ესენი რუსები არიან და ისეთები არიან, როგორც პრეზიდენტი ამბობს, როგორ შეიძლებოდა მათ მიერ რუსული „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას არ შეწინააღმდეგებოდი და ვეტო არ დაგედო? ჩვენ ეს უბრალოდ, იმდენად უცნაურად ჩავთვალეთ, რომ მოსყიდულია ქალბატონი სალომე და „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, თუ სპეციფიკური ადამიანია და ამიტომ ემართება ასეთი რაღაცები, არ ვიცი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არის „გირჩი“ დისტანცირებული იმ პროცესისგან, რაც ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან, პრეზიდენტს ხვდებიან და მიიღო თუ არა „გირჩმა“ შეთავაზება, რომ ამ პროცესს შეერთებოდა.
წამყვანის შეკითხვაზე, რა ლოგიკას ეფუძნება ეს განცხადება, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობდეს, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, თავისი შინაარსით „ქართული ოცნების“ საქმეა.
„მის მერე, ქარტიიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, ყოველდღე რომ ხალხს დაატარებენ 7 საათზე და შლიან, მიკროფონი რომ ითიშება და ზეგ გამოიარეთო, ეუბნებიან, ფაქტობრივად, ამ ხალხს რომ დასცინიან, ეს „ქართული ოცნების“ საქმეა. შეიძლება, ეს ხდება შეგნებულად და შეიძლება, შემთხვევით ხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, ეს „ქართული ოცნების“ საქმე არ იყოს თავისი შინაარსით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს „ოთხი გამარჯვებული პარტია და არჩევნები გაყალბდა ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია, ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ“, რაზეც იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ ის ამ სიტყვებზე ნებისმიერ შემთხვევაში ხელს მოაწერს.
„როგორ შეიძლება, დეგენერატი არ იყო, როცა ამბობდე, რომ არჩევნები გაყალბდა და თან იცოდე, ვინ არის ოთხი გამარჯვებული პარტია? იქნებ, ოთხი არ არის და იქნებ, ვიღაც შემოგიგზავნეს ერთი? იმიტომ, რომ ვინც გააყალბა, იმას ამის ძალაუფლება ხომ აქვს? ან კიდევ, ვიღაცის ხმა იყო და ის არ არის გამარჯვებული პარტია? ზოგადად, აპროტესტებდე არჩევნების შედეგებს, ითხოვდე მის ბათილობას და თან იძახდე, მე ვარ ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებული პარტიაო, ეს სასაცილო როგორ არ არის? თუ ამას ერთ წინადადებაში ამბობ, ანუ, იმხელა მახსოვრობაც კი არ გაქვს, რომ წინადადების გვერდის ბოლოში მაინც თქვა ეს, მართლა დეგენერატი ხარ. თუ გინდათ, დააკვირდით იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს. ახსნან ლოგიკა, თუ არიან გამარჯვებული პარტიები, მაშინ რატომ აპროტესტებენ, თუ ეს იციან. თუ მარტო თვითონ არიან გამარჯვებული ეს იციან? ყველაფერი თუ იციან, რანაირად შეიძლება მაშინ, აპროტესტებდე? “, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის ართქმა პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას, ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარლამენტი მან პირველივე დღეს აღიარა, რომ ქართველმა ხალხმა ეს ასე გადაწყვიტა, რაღაცნაირად, მაგრამ მერე დაინახა, რომ მოხდა კანონდარღვევა, რადგან ხმის ფარულობა დაირღვა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა მოცემულობის წინაშე დავდგებით 29 დეკემბრის შემდეგ, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს არაფერი არ მოხდება.
„მე ვფიქრობ, 29 დეკემბერი არაფერი თარიღი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულებით. თარიღი არის ტრამპის მოსვლა ამერიკის პრეზიდენტად, მაგას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს არ დატოვებს და არაფერი არ მოხდება, ხვიჩიამ თქვა, რომ შეიძლება, არ დატოვოს, მაგრამ თუ ასე იქნება, გაერთობა.
„გასართობი იქნება ნამდვილად. მე რას ვგულისხმობ, გეტყვით. ამ წუთას არის გავრცელებული ასეთი არასწორი ინფორმაცია, რომ ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი არის ქალბატონი სალომე. ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე არის ყველაზე არალეგიტიმური ადამიანი ახლაც. რატომ? ქალბატონი სალომე ვინც აირჩია და ვინც ლეგიტიმაცია მისცა, იმ ამომრჩევლების 90% ახლა არის მის წინააღმდეგ და ვინც მის ლეგიტიმაციას არასდროს არ ცნობდა, იმათი 90% ახლა არის მის მხარეს. თუ რაღაც შეიძლება, იყოს ლეგიტიმაციის დაკარგვა, ის არის, რომ ვინც აგირჩია, ის გაგინებს და ვინც რუსეთის რაღაცად და ა.შ გთვლიდა და არ გცნობდა, ის არის შენიანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0