10/07/2023
17:31
კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული იურიდიული ინფორმაციის პორტალზე ქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ მეორის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. ასევე, გათვალისწინებულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდათ აფხაზეთის მოქალაქეობა და დღემდე შეინარჩუნეს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. იგივე პრინციპი მოქმედებს გაწვევაზეც.
მანამდე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადებების მიღების პროცედურის დაწყების შესახებ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება.
0
0