29/04/2023
18:56
მედიცინა
ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ქეთი ბეგიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადება, რომ სამინისტრო მზად არის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, არ სჯერათ.
„თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არც ერთ მშობელს, ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი. როგორ დავიჯეროთ მისი, როდესაც ტყუილს ავრცელებდა მედიკამენტის არაეფექტურობასთან დაკავშირებით და უეცრად შეცვალა ყველაფერი და დაჩქარებული წესით მუშაობს? ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყბეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.
აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.
ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამის გათენებას ისევ გააგრძელებენ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024