03/11/2021
17:48
სამართალი
„სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ დავიწყეთ არსებითი განხილვის სხდომა, შესავალი სიტყვები წარმოვთქვით მხარეებმა.
წარმოვადგენთ დაზარალებულებს, წარვადგენთ მოწმეებს, გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს. აქ საუბარია ათობით მოწმეზე, მათ შორის დაზარალებულებზე და საუბარია მათ შორის იმ ექსპერტიზის დასკვნებზე თუ გამოთხოვილ დეტალურ ჩანაწერებზე, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტით მ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით“, – აცხადებს დავით კიკაჩეიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. მეგის ქარდავამ დღეს პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.
ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, კერძოდ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, ექვს საქმეზე კი, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის და ე.წ. კასრების საქმეებზე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024