08/12/2021
14:03
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას შორის ეფექტურ თანამშრომლობას შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების გადაწყვეტილებას, საქართველოში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობის შესახებ, რაც, როგორც საწყობების სისტემას, ისე ტრენინგების ცენტრს მოიცავს.
მთავრობის მეთაურმა გენერალურ მდივანს COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი სირთულეები. ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მნიშვნელობას და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია”, ასევე სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და კონფლიქტით დაშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ესწრებოდა.
0
0