11/11/2024
17:54
მსოფლიო
პოლონეთი ცდილობს, შექმნას ალიანსი დიდ ბრიტანეთთან, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის შესაძლო ღალატი, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, წერს The Times-ი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი „უახლოეს დღეებში“ გეგმავს შეხვედრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, რადგან ის შეშფოთებულია აშშ-ის არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეუძლია 24 საათში რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაასრულოს, თუმცა თავისი გეგმის დეტალები არ გაუსაჯაროებია. ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში დაბრუნებიდან პირველივე დღეს ტრამპი გეგმავს, რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიოს.
The Times-ის თანახმად, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და საფრანგეთი განიხილება, როგორც ძირითადი ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას უკრაინის ზურგს უკან პუტინთან შეთანხმების დადებაში ხელი შეუშალონ.
„ამჟამად არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი ყველასთვის სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის ახალ პრეზიდენტს შორის შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია ომის დასრულება“, - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკი მომავალ კვირას სტარმერს ვარშავაში, ან ლონდონში შეხვდება და ასევე, უმასპინძლებს მაკრონს და რუტეს პოლონეთში, რათა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მოიპოვოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს.
„უკრაინის გარშემო ალიანსის შექმნის შესახებ მისი ინიციატივა ევროპის შეშფოთებას გამოხატავს, რომ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიის დაკარგვა და კიევის იძულებითი ნეიტრალიტეტი გამოიწვიოს“, - წერს გამოცემა.
ტუსკმა განაცხადა: „ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას გეოპოლიტიკასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. არავის სურს კონფლიქტის ესკალაცია, მაგრამ ასევე არავის სურს უკრაინის დასუსტება, ან თუნდაც კაპიტულაცია. ეს იქნება ფუნდამენტური საფრთხე პოლონეთისა და პოლონური ინტერესებისთვის“.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამ შაბათ-კვირას კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოეხატა.
„ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს უკრაინას“, - განაცხადა მან.
გასულ კვირას ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ უნდა მიატოვოს ყირიმის დაბრუნების იდეა. რესპუბლიკელმა ბრაიან ლანზამ თქვა, რომ ტრამპი უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის „რეალისტური“ ხედვის შემუშავებას შეეცდება.
0
0