29/06/2023
11:09
სამხედრო
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია ნატოს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა.
„ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
0
0