14/12/2021
13:11
საზოგადოება
რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
„ცვლილებების განხორციელებისთვის რამდენიმე გარემოება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის, რომ მაისში რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები, თუმცა ცესკოს არსებულ შემადგენლობაში თავმჯდომარეს და ორი პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრს, რომლებიც 6 თვით არიან არჩეულნი, ვადა თებერვალში ეწურებათ. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ შუალედურ არჩევნებს ცესკო არასრული შემადგენლობით შეხვდება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
0
0