19/04/2024
12:22
ეკონომიკა
კანონპროექტი, რომელიც ოფშორიდან გადმოტანილი აქტივების გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დადგენილებას 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 9 წინააღმდეგი იყო.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებულად, 17 და 18 აპრილს განიხილა.
ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას”.
ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს და მას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას უკავშირებს. დეპუტატების შეფასებით საქართველო „შავი ფულის სამრეცხაოდ“ გადაიქცევა.
უმრავლესობის პოზიციით, ეს არაა დაკავშირებული ბიძინა ივანიშვლთან. განმარტებითი ბარათით, ეს შეამცირებს „ოფშორული კომპანიების“ გადასახადებისგან თავის არიდების რისკს, უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას.
0
0