08/10/2024
15:09
სპორტი
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარდაცვის სტრატეგს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ბრუნო გალაზე“ გადასცეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნოს“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) ორგანიზატორი ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირია, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, გამარჯვებულები კი ვენის „მარქს ჰოლში“ დაჯილდოვდნენ.
„ბრუნოს გალაზე ნახევარდაცვის სტრატეგი ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ოთარ კიტეიშვილს გასულ სეზონში ბევრი რამ ჰქონდა აღსანიშნავი – გუშინ მას სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ბრუნოს ჯილდო გადასცეს.
კიტეიშვილმა გასულ სეზონში მოიგო ავსტრიის თასი და ბუნდესლიგაში გამარჯვებით დუბლი შეასრულა და დაუჯერებელი სეზონი ორი ტიტულით დაასრულა.
ახლა „შტურმის“ მეათე ნომერი მორიგი პრესტიჟული თასით დაჯილდოვდა – ოთარ კიტეიშვილს ბრუნო გალას დაჯილდოებაზე გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიანიჭეს, სადაც კოლეგებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ჯონ გორენც სტანკოვიჩს და ალექსანდრ პრასს აჯობა“, – წერს „შტურმის“ ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი მანამდე ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სხვა ვერსიით დაასახელეს, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.
0
0