10/02/2023
14:37
სამხედრო
“ლოიდ ოსტინის განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და მასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი - ალბათ, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა საქართველოს მიმართ ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის, ლოიდ ოსტინის განცხადებას განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს.
„სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რეალურად თუ რა განცხადება იყო გაკეთებული. ეს განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და ქვეყანასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი. ალბათ, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს იმეორებს. რადიკალური ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის განცხადებებს აქვს ერთი საერთო სახურავი - ეს არის საქართველოს დაზიანება ყველაფრის ფასად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რა სტატუსს ატარებს, ყველასთვის ცნობილია და ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ამიტომ აქვს ნულოვანი მხარდაჭერა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, პენტაგონში აშშ- ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პენტაგონის ვებ- გვერდზე გავრცელდა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დაამტკიცეს, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.
0
0