12/11/2024
16:16
მსოფლიო
ორმაგი სტანდარტები და პოლიტიკური თვალთმაქცობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკოსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყალბი ახალი ამბების მედიის მოქმედების საშუალებად იქცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა ინსტრუმენტი ბაქოში გაერო-ს კლიმატის კონფერენციის მიმართ ბოიკოტისთვის კამპანიის დასაწყებად, თუმცა აზერბაიჯანში 72 000 დარეგისტრირებული მონაწილეა 196 ქვეყნიდან.
ილჰამ ალიევმა მწვავედ გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანს ნავთობსახელმწიფოს უწოდებენ.
„ეს მხოლოდ პოლიტიკური კულტურისა და ცოდნის ნაკლებობას აჩვენებს. დღეს აზერბაიჯანის წილი მსოფლიო ნავთობის მოპოვებაში 0.7 პროცენტია, გაზის გლობალურ წარმოებაში 0.9 პროცენტი, მაგრამ იმ ქვეყნის ყალბი ახალი ამბების მედია, რომელიც ნავთობისა და გაზის ნომერ პირველი მწარმოებელია მსოფლიოში და 30-ჯერ მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე აზერბაიჯანი, გვეძახის ნავთობსახელმწიფოს.
სჯობს, საკუთარ თავს შეხედონ. აზერბაიჯანის წილი გაზის გლობალურ გამონაბოლქვში მხოლოდ 0.1 პროცენტია. ეს მაჩვენებლები უნდა წარვუდგინო ჩვენს აუდიტორიას, რადგან სწორედ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი გაერო-ს კლიმატის კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს, ცილისწამებისა და შანტაჟის კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული კამპანიის სამიზნე გავხდით. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც უნდა იყოს საფუძველი ქვეყნის საქმიანობის ერთგვარი შეფასებისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ღვთის საჩუქარია.
ორი წლის წინ აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი იდეა. ეს იყო ევროკომისიის წინადადება, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ორი წლის წინ ჩამოვიდა ბაქოში, რათა ხელი მოეწერა ჩვენთან ამ დოკუმენტისთვის. მათ სჭირდებოდათ ჩვენი გაზი გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების გამო“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
0
0