02/12/2021
12:49
საზოგადოება
ცუცქირიძე თავის ვრცელ პოსტში ეხება ე.წ. პიჯაკების საქმეს და დასძენს, რომ შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს სააკაშვილისთვის, ამიტომ ეცდება სწორედ ეს საქმე აქციოს მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად.
„ე.წ პიჯაკების საქმე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის „ქეისში“ გადამწყვეტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. მასზე აღძრული 5 საქმიდან, სადაც ორ საქმეზე ბრალი უკვე წაყენებული აქვს (გირგვლიანის და 7 ნოემბრის საქმეები) დანარჩენზე კი მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ე.წ პიჯაკების საქმე, რეალურად კი სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეა, რადგან გამოძიების ვერსიით, 2009 - 2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამიტომაც იყო, რომ მთელი ეს წლები „ნაციონალების“ მხრიდან აქცენტები პიჯაკების შესყიდვის საკითხზე იყო გადატანილი, რითაც ამ საქმის ბრალდების ძირითადი არსის გადაფარვით, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულის იმიტირება ხდებოდა.
დღევანდელ პროცესზე სააკაშვილი, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და არც ბრალს აღიარებს, მორიგი შოუს დადგმას აპირებს, ეს მისი ადვოკატის განცხადებიდანაც კარგად იკითხება. ბრალდებული მესამე პრეზიდენტი აპირებს თავის გამოსვლაში ფარდა ახადოს „ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას“ რომელიც მის წინააღმდეგ აქვს ბრალდებას და მომხრეებსაც სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზაციისათვის მოუწოდებს, ხოლო სასამართლო სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების დაშვებას ითხოვს. დღეს სააკაშვილი მაქსიმალურად ეცდება სწორედ „პიჯაკების საქმე“ აქციოს მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად, რადგან თუ აქ გაჩნდა სამართლიანობის ეჭვები, და ბრალდებამ ვერ დადო უტყუარი არგუმენტები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და გაფლანგვაზე, სწორედ ეს სადავო 9 მილიონი იქონიებს ბუმერანგის ეფექტსაც, რაც ყველა დანარჩენ საქმეებზე აისახება.
ამიტომაც აქვს ამ საქმეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური მდგენელიც და სააკაშვილის ამოცანაც მთელი ამ პროცესის პოლიტიკურ რაკურსში გადატანა იქნება. ამიტომაც არის, დღეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში პოლიტიკურად არ წააგოს და სიმართლისათვის მებრძოლის და წამებულის მანტიითაც შეიმოსოს. ოპოზიციის მხარდამჭერი ე.წ პარტიული ტელევიზიებიც სწორედ ამიტომ არიან მთლიანად გადართული ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის დღის წესრიგის შექმნაზე.
„ქართული ოცნების“, როგორც მმართველი პარტიის ამოცანა, ოპოზიციის საპირისპიროდ მთელი ამ პროცესის არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა სამართლებრივ ჭრილში გადაყვანა უნდა იყოს. შოუმენ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი, პერფომანსირებული მიზანსცენებით, რაც უკვე ისედაც ვიხილეთ წინა სასამართლო პროცესზე, „ოცნებისათვის“ პიარულადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანი უფრო იქნება, ვიდრე რაიმე დივიდენდების მომტანი. წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ეს იქნება მთავარი ტესტი მმართველი ძალისთვის მისი მმართველობის ამ ცხრა წლიან პერიოდში.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი სწორედ სამართლებრივად უნდა მოიგოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებაც ამაზე გადის. სასამართლო გადაწყვეტილებაც ბრალდების რკინის ლოგიკაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული და ნაკლებად პოლიტიკურ მდგენელზე. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცედურა, ბრალდებულის უფლების სრული დაცვით წარიმართება და ახლა ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო სასამართლოს მიკერძოებაზე, სასამართლო გამოიტანს სამართლიან და უტყუარ ვერდიქტსაც. ქვეყნის სასამართლო და ზოგადად პოლიტიკური სისტემის საერთაშორისო პრესტიჟიც სწორედ ამ დონის გადაწყვეტილებებზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
0
0