13/11/2024
09:25
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2025 წლის 23 თებერვალი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე შტაინმაიერი შეხვდა მმართველი კოალიციის ლიდერებს, ასევე ოპოზიციური ალიანსის – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერსაც.
შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო ფრაქციები ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების თარიღად 16 დეკემბერზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბუნდესტაგი უნდობლობას თუ გამოუცხადებს ფედერალურ კანცლერს, ის სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტაინმაიერი „2025 წლის 23 თებერვალს ახალი არჩევნების ჩასატარებლად რეალისტურ თარიღად მიიჩნევს“.
„პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ყველა საპარლამენტო ჯგუფს, პასუხისმგებლობით და ერთობლივად განიხილონ, თუ რომელი საკანონმდებლო წინადადებების განხორციელებაა კიდევ შესაძლებელი ამ საკანონმდებლო პერიოდში გერმანიის შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
0
0