28/06/2022
16:00
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და ისაუბრა მთავარ გზავნილებზე, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები თანხმდებიან.
ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდიან. მისივე განცხადებით, ინტენსიურად იმუშავებენ განახლებად ენერგიებზე, რათა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ.
ამასთან, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსოფლიოში შიმშილი არის უდიდესი გამოწვევა, რის გამოც შექმნეს გლობალური კოალიცია საკვების უსაფრთხოებისთვის.
სამიტის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ სურთ, პროგრესი გასცდეს სიტყვებს და საჭიროა მეტი ამბიცია კლიმატური ამოცანების შესასრულებლად.
„24 თებერვალი არის წყალგამყოფი მომენტი, არაფერია იმგვარად, როგორც მანამდე იყო. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ უკან დასახევი გზა არ შეიძლება, იყოს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გზავნილი.
პირველი, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვეცდებით, რომ პრეზიდენტ პუტინმა ამისთვის მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, თუნდაც დიდი ხნით მოგვიწიოს ამ გზაზე დგომა. ჩვენ ასევე დავუპირისპირდებით რუსულ ნარატივს, რომ კონფლიქტს მხოლოდ გლობალური დასავლეთი გმობს და დანარჩენი მსოფლიო უყურებს. ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავისი ბედი და მეზობლები თავს არ უნდა დაესხან. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას და ეს ასევე მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ მივაწოდებთ მათ შეიარაღებას. ამას ბევრი სხვა ქვეყანაც აკეთებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გრძელვადიან რეკონსტრუქციაზე. ჩვენ გვაქვს მობილიზებული ფული ამ მიზნებისთვის. ჩვენ გვჭირდება მარშალის გეგმა უკრაინისთვის, რომლისთვისაც საჭიროა კარგი დაგეგმვა და კარგი განხორციელება.
მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ ვებრძვით შიმშილს მსოფლიოში. ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც არის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგი. ეს არის რუსეთის ომი, რაც იწვევს უამრავი ადამიანის შეშფოთებას, რომ ვერ შეძლებენ ოჯახების გამოკვებას. ეს არის არსებითი საფრთხე ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აფრიკაში. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია საკვების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს 4.5 მილიარდი დოლარი და გერმანიაში მნიშვნელოვნად არის ჩართული. ამ ომმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე.
მესამე გზავნილი არის, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ გრძელვადიან ამოცანებს. ჩვენ გვსურს პროგრესი გასცდეს სიტყვებს. ეს ეხება კლიმატის დაცვას. ჩვენ ვისაუბრეთ კლიმატური კლუბის საკითხზე და მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე შევქმნით ამ კლუბს. გვჭირდება მეტი ამბიცია კლიმატური ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
0
0