13/09/2024
10:46
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ნაწილი „საერთო-სახალხო მიტინგს“ აანონსებს, რომელზეც აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ურთიერთობების ერთგულებას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის, ე.წ. პრეზიდენტის, ე.წ. მთავრობის, პოლიტიკური ორგანიზაციების და მოსახლეობის მიმართ მიმართვას ხელი მოაწერეს აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „აიდგილარამ“, „აიაირამ“ და საექსპერტო ფონდმა „აამთამ“.
„ბოლო დროს ჩვენს რესპუბლიკაში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. რუსეთ-აფხაზეთის თემატიკა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენება საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობართან და მეზობელთან ურთიერთობების გაუარესებაში აფხაზ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოების დადანაშაულებას ცდილობენ, რაც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს მანიპულაციებისა და ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევის ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ესკალაცია. აქ საქმე არ არის ფინანსურ დახმარებაში, არამედ საუბარია სტრატეგიულ კავშირზე, ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ ვაფასებთ“, - წერია ამ განცხადებაში.
ცნობისთვის, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება ნაწილობრივ შეაჩერა, რადგანაც სოხუმი ორმხრივი შეთანხმებების მიხედვით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
0
0