15/11/2024
12:27
კონფლიქტები
ბოლო საპროტესტო აქციების შემდეგ, ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს. ამის შესახებ TASS ამ სტრუქტურების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება.
15 ნოემბერს ე.წ. აფხაზეთის პარლამენტი განიხილავს რუსეთთან რუსეთის იურიდიული პირების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დოკუმენტი აფხაზი ხალხის ინტერესებს არ აკმაყოფილებს.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა სააგენტოს განუცხადა, რომ დეფაქტო უწყება იღებს ყველა ზომას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „სამთავრობო შენობების კომპლექსი და სხვა ადმინისტრაციული შენობები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გაძლიერებული უსაფრთხოების ქვეშ მოექცა“ - აღნიშნა მან.
„გენერალურმა პროკურორმა“ ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს და სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ აღრიცხავს ყველა სამართალდარღვევას.
ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობების გარშემო უშიშროების ძალების კორდონებია მოწყობილი.
ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ამჟამად პარლამენტის წევრებზე ზეწოლას ცდილობს. ის ოპოზიციის წევრების დასჯის პირობას დებს, თუკი საკანონმდებლო ჩარჩოებს სცდებიან.
საპროტესტო აქციები 11 ნოემბერს დაიწყო პოლიტიკოსების დაკავების შემდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების რატიფიკაციას.
0
0