15/05/2023
18:17
კონფლიქტები
რუსი ოკუპანტების მიერ 14 მაისს უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, მეგრელიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გიორგი მეგრელიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერს სუს-ი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 მაისს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს კიდევ ერთი უკანონო მოქალაქის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის ვინაობა.
0
0