29/06/2023
08:39
სპორტი
ოფიციალურად – ზურიკო დავითაშვილი 2027 წლამდე „ბორდოს“ მოთამაშეა. ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენისას ოფციონის პირობებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას „ბორდოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ზურიკო „ბორდოში“ 2027 წლამდე ითამაშებს
„ბორდო“ აცხადებს, რომ ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტის გაფორმდა. კლუბმა გამოიყენა ფლანგის შემტევის შეძენის შესაძლებლობა. მასთან კონტრაქტი 4 წლით გააფორმა.
„ბორდომ“ ბათუმის „დინამოსთან“ (საქართველო) გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, ტრანსფერის გამოსყიდვის ოფცია გამოიყენა. ამის შემდეგ ზურიკომ გააფორმა კონტრაქტი მომდევნო ოთხი სეზონისთვის. ახლა მას ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აქვს.
2001 წლის 15 თებერვალს თბილისში დაბადებული ზურიკო თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა. მან საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი 2017 წლის სეზონში (6 მატჩი) 16 წლის ასაკში ჩაატარა. ითამაშა თბილისის „ლოკომოტივში“, ამის შემდეგ გამოდიოდა ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“ და ტულას „არსენალში“.
2022 წლის აპრილში ზურიკო დაბრუნდა სამშობლოში და ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. ის მაღალ დონეზე თამაშობს ლიგაში (14 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა) და ევროტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა.
გარემარბი „ბორდოში“ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდა, სადაც გახდა მნიშვნელოვანი მოთამაშე და ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა (6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა). მან გადამწყვეტი გოლები გაიტანა „დიჟონთან“ (2:1), „სოშოსთან“ (2:1) და „ლავალთან“ (3:0).
სწრაფი, მიზანმიმართული და ძლიერი გარემარბი, ეროვნული ნაკრების წევრია (26 მატჩი, 4 გოლი), ამჟამად თამაშობს უეფა-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველო მეოთხედფინალში გავიდა.
კლუბი მოხარულია, რომ მომავალ სეზონებში ზურიკოს ნიჭს დაეყრდნობა. ვუსურვებთ მას ყველაფერ საუკეთესოს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და მოუთმენლად ველით მის ხილვას მოსამზადებელ შეკრებაზე“, – წერია „ბორდოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0