25/08/2022
11:42
სპორტი
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო აშშ-ის ღია პირველობას გამოტოვებს. ამის შესახებ გამოცემა Tennis World USA წერს.
როგორც ჯოკოვიჩის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ დროისთვის მას დაგეგმილი შეჯიბრი არ აქვს. ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. შარშან, ტურნირის ფინალში ის რუს დანიილ მედვედევთან დამარცხდა.
სერბი ჩოგბურთელი იმედოვნებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება შეარბილებდა ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს და აუცრელ პირებს ქვეყანაში შესვლის ნებართვას მისცემდა. აუცრელობის გამო 35 წლის ჯოკოვიჩმა მიმდინარე წლის აგვისტოში კანადაში, მონრეალის მასტერსი და აშშ-ში, ცინცინატის მასტერსი გამოტოვა.
აუცრელობის გამო, მიმდინარე წლის იანვარში ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.
0
0