19/09/2024
13:48
მსოფლიო
საფრანგეთში, ნოტრ-დამის ტაძარში მიმდინარე ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების დროს, რენესანსის ეპოქის წარმომადგენელი პოეტის საფლავი აღმოაჩინეს. მეცნიერების განცხადებით, ისინი თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსეპტის ქვეშ ნაპოვნი ტყვიისგან დამზადებული კუბო დიუ ბელე ჟოაშენს ეკუთვნის, რომელიც პარიზში, 1560 წელს, 37 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
დიუ ბელე ჟოაშენი დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ანჟეს მახლობლად, 1522 წელს დაიბადა. ის, დიუ ბელე პიერ დე რონსართან ერთად, პოეტების წრის დამფუძნებელი იყო, რომელიც ცნობილია, როგორც La Pleiade. ისინი მხარს უჭერდნენ იდეას, რომ პოეზიის ენა ფრანგულია და არა ლათინური. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, დიუ ბელე ნოტრ-დამში დაკრძალეს, სადაც თავადვე მსახურობდა, თუმცა მისი საფლავი ამ დრომდე არავის აღმოუჩენია.
ჩონჩხის ანალიზმა აჩვენა, რომ ის დაახლოებით 35 წლის მამაკაცისაა, რომელსაც კისრისა და თავის არეში ძვლის ტუბერკულოზი აწუხებდა. შემდგომ წლებში, დიუ ბელეს სიყრუე და მწვავე თავის ტკივილი აღენიშნებოდა - ეს სიმპტომები მკვლევართა დასკვნებს შეესაბამება. ცნობილია ისიც, რომ ის რეგულარული მხედარი იყო - პარიზიდან რომში ცხენით ხშირად მოგზაურობდა.
არქეოლოგებს კიდევ ერთი კითხვა გაუჩნდათ - რატომ არ იყო ცხედარი კათედრალშივე არსებულ მცირე სამლოცველოში დაკრძალული, როგორც ეს ჩანაწერებშია მითითებული. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც პოეტის ნამუშევრები გამოქვეყნდა და ის ცნობილი გახდა, მისი ცხედარი სხვა ადგილზე გადაიტანეს.
დიუ ბელეს ლექსები ფრანგულ სკოლებში ჯერ კიდევ ისწავლება. მისი ყველაზე ცნობილი ლექსი Heureux qui comme Ulysse ბავშვობის სახლის ნოსტალგიას ეძღვნება
0
0